საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ბაზრობების და სავაჭრო-ცენტრების ადმინისტრაციებს ტერიტორიის დაზღვევა, სადაზღვევო კომპანიებს კი აფეთქების, ან ხანძრის შემთხვევაში, მოვაჭრეებისთვის ზარალის ანაზღაურება მოუწევთ.
ინიციატორები ამბობენ, რომ მიზანი დაზღვევის დამკვიდრებაა, თუმცა, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებსაც სადაზღვევო პოლისის შეძენა მოუწევთ.
ბოლო 6 წელიწადში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის თბილისსა და ბათუმში, 5 მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. ე.წ. ხოფის ბაზრობაზე 3 წლის წინ ხანძარმა 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაშინ 50-მდე მაღაზია დაიწვა.