ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (IV) (no. 39611/18) საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ სასაზღვრო ხაზების გამკაცრებით გამოწვეული ადამიანის უფლებების დარღვევის გამო რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს.
მათივე ცნობით, რუსეთის ქმედებების გამო 29 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. სასამართლომ საქართველოს მთავრობას მიანდო ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რუსეთის მიერ გადახდის შემდეგ მსხვერპლისთვის თანხების გადასანაწილებლად. მისი მეშვეობით დაზარალებულებმა კომპენსაცია 18 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ.
საქმე ეხებოდა რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ სასაზღვრო ხაზების გამკაცრებით გამოწვეულ ადამიანის უფლებების დარღვევებს. კერძოდ, შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილი იყო როგორც „ბორდერიზაცია“, რაც უზღუდავდა ადამიანებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების თავისუფლად გადაკვეთას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის.
ამასთან, 2024 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა კონვენციის მრავალი დარღვევა რუსეთის მიერ, მათ შორის ძალის გადაჭარბებული გამოყენება, არასათანადო მოპყრობა, სახლებზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვები, ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების ჩამორთმევა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ყოველდღიური გადაადგილების უკანონო შეზღუდვები.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მინისტრთა კომიტეტი აგრძელებს სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას იმის მიუხედავად, რომ 2022 წლიდან რუსეთი მისი ხელმომწერი აღარ არის.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე