დიდი მადლობა გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის, როგორც დედაქალაქის მერი, გპირდებით, ამ პატივისცემასა და სიყვარულს გაკეთებული საქმეებით დავაბრუნებ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხვალიდან დაიწყება იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
"მოგესალმებით ჩემო თანამებრძოლებო, მივესალმები თბილისს, თბილისელებს. გილოცავთ ყველას ამ შესანიშნავ გამარჯვებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღირსეული ქართველების კიდევ ერთი პასუხი იმ უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლებს. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, რა გამოწვევებია. მგონი, ყველანი ვხდებით, შემთხვევითი არ არის, ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა, თუმცა ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ვიცავთ ქვეყნის ინტერესს.
მინდა, ადამიანური მადლიერება გამოვხატო, ვამაყობ იმით, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი. მინდა, მადლიერება გამოვხატო ამ ადამიანის მიმართ. დღეს ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა რომ სუფევს, მისი გამჭრიახობით, მტკიცე ხასიათით და დამოკიდებულებით გვაქვს. ასევე იმ პოლიტიკით, რომელსაც მისი ხელმძღვანელობით ვახორციელებთ. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ჩემს მეგობარს, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენი სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ ვართ ერთი დიდი ოჯახი. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ლევან მაჭავარიანს. განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, ჩვენს მხარდამჭერებს. ზუსტად თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.
ხვალიდან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც მთელი კამპანიის განმავლობაში რეალური ხედვა გვქონდა, ვსაუბრობდით კონკრეტულ პროექტებზე, გასაკეთებელ საქმეებზე, გამოწვევებზე, არ მოგვრიდებია თუნდაც თუ რა პრობლემებია დედაქალაქში. ზუსტად ვიცით, რა სჭირდება თბილისს, როგორი უნდა იყოს ოთხი წლის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, რათა გვერდში დაგვიდექით, მხარი დაგვიჭირეთ. როგორც დედაქალაქის მერი, გპირდებით, რომ ამ პატივისცემასა და სიყვარულს დავაბრუნებ გაკეთებული საქმეებით, ძალიან მაგარი პროექტებით. წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ქვეყანას. თბილისს გაუმარჯოს. ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს, ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი“, - განაცხადა კალაძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე