ლელო ძლიერი საქართველო ქართული ოცნების არასწორი განათლების პოლიტიკისა და მოსახლეობის მიზანმიმართულად გაღატაკების შესახებ საუბრობს, მათი განცხადებით, ყოველწლიურად მთიან აჭარაში იხურება სკოლები და მცირდება პირველკლასელთა რაოდენობა.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციაში თქვეს, რომ მაღალმთიანი აჭარის 29 სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავს. ასევე ათეულობით სკოლაში მოსწავლეების არ არსებობის გამო გაუქმებულია სხვადასხვა კლასი.მათი განცხადებით სკოლების უმრავლესობა საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას და საფრთხის შემცველია.
პარტიის ბრალდებებს აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრომ წერილობით უპასუხა.
აჭარის მაუწყებლისთვის გამოგზავნილ განცხადებაში, უწყება ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში 2025 წელს დასრულდა 9 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მიმდინარეობს 4 სკოლის მშენებლობა და 3 სკოლის რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი 4 სკოლის რეაბილიტაციაზე. 2026 წელს დაგეგმილია 15 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. მაღალმთიან აჭარაში 121 საჯარო სკოლაა, მათ შორის 24 სკოლაში არ არის პირველკლასელი, თუმცა, აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და სხვა კლასებში მოსწავლეები არიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე