სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის საჩივარი და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღებაში ბრალდებულს, შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა

10 სექტემბერი 2025, 15:28 124 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და კომერციულ მოსყიდვასა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტების დამზადება-გასაღებაში ბრალდებულს, კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 ლარის ოდენობის გირაო პატიმრობით შეუცვალა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში მოქმედი შპს „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრის“ დირექტორი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.

"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება, გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურის საჩივრის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს განჩინება და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას და მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს"- განმარტავენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი