მივესალმებით, რომ ეუთო/ოდირ-ის შესაბამისი დამკვირვებლები, როგორც ჩანს, იქნებიან საქართველოში, ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე ჩვენც ვმუშაობდით, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, პარტია სრულ კოორდინაციაში იქნება ყველა იმ მისიასთან, რომელიც საქართველოში იქნება.
„არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ არჩევნებს ყოველთვის ე.წ. არჩევნებს, დეფაქტრო არჩევნებს ვეძახით და კვლავაც ასე ვუწოდებთ, რადგანაც ჩვენთვის ცხადია, რომ საქართველოში არჩევნების იდეა და პრაქტიკა არის დასუსტებული, დაზიანებული. არჩევნების პროცესისადმი არის ძალიან დაბალი საზოგადოებირივი ნდობა და ამაზე პასუხისმგებლობა ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ რეჟიმს ეკისრება. ამავდროულად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა გამოვიყენოთ ბრძოლის ყველა ინსტრუმენტი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რომ ეუთო/ოდირ-ის შესაბამისი დამკვირვებლები, როგორც ჩანს იქნებიან საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი რამ, ამაზე ვმუშაობდით ჩვენც. ცხადია, ვიქნებით სრულ კოორდინაციაში ყველა იმ მისიასთან, რომელიც აქ იქნება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.