საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტში „გახარია საქართველოსთვის“ წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა

01 სექტემბერი 2025, 13:43 108 ნახვა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა დასკვნის პროექტს გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანის და სოფიო ხორგუანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. დასკვნის პროექტი განსახილველად ბიუროს გადაეცა.

გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყვიტეს. „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია. სწორედ ამის საფუძველზე განიხილავს პარლამენტი გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხს.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში