საქართველოს კონსტიტუცია არის სუვერენიტეტის განმტკიცების, დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი - მიხეილ ყაველაშვილი

24 აგვისტო 2025, 11:33 123 ნახვა

ჩვენი ვალდებულებაა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა. სწორედ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია არის  სუვერენიტეტის განმტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და  ბოლო წლებში, საქართველოს მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

„უნდა გვესმოდეს რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული! კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში, გამძაფრებული ზეწოლის ფონზე, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, უამრავი უსამართლო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა. აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუცია და მასში ასახული ნორმები გახდა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას!“,- განაცხადა  მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ის რამდენიმე წლის წინ, სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით შეძლო, რომ დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ასევე მინდა დიდი  მადლობა გადავუხადო ამ პროცესში მონაწილე თითოეულ პირს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე,  აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლები,  კონსტიტუციონალისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი