ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით ელოდება, რომ ღაზის სექტორში ახალი შეტევა საკმაოდ სწრაფად დაიწყება. ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა უსაფრთხოების კაბინეტმა პარასკევს ღაზის სექტორზე კონტროლის აღების გეგმა დაამტკიცა.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ სამუშაო დაასრულოს და „ჰამასი“ დაამარცხონ ტყვედ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.
ამასთან, ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი მიზანი ღაზას ოკუპაცია არ არის. „ჩვენ გვინდა უსაფრთხოების სარტყელი ჩვენს საზღვართან, მაგრამ არ გვინდა ღაზაში დარჩენა. ეს ჩვენი მიზანი არ არის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ კვირას გვიან ღამით განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისრაელის გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ღაზაში ჰამასის დარჩენილ დასაყრდენებზე კონტროლის აღებას ითვალისწინებს.