აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარას კიდევ ერთი ტურისტული ბილიკი შეემატა. ზუნდაგას სათავგადასავლო ბილიკი, რომელიც ბათუმიდან ერთი საათის სამანქანე გზის სავალზე მდებარეობს, ვიზიტორების მისაღებად მზადაა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ზუნდაგას ტყეში გამავალი ბილიკი გაიჭრა, სავალი ნაწილი კეთილმოეწყო და მასზე დამონტაჟდა ბუნებასთან ადაპტირებული ხის კიბეები. ორ კილომეტრიანი სათავგადასავლო ბილიკი ხშირ ტყეში გადის და ზუნდაგას ულამაზეს ჩანჩქეთან სრულდება, სადაც ვიზიტორებს დასვენება და პიკნიკის მოწყობის საშუალება აქვთ. ბილიკი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მენეჯმენტმა ქედის ტურისტული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან და ადგილობრივებთან ერთად დალაშქრა.
ჯამში, მთიან აჭარაში 30-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი მდებარეობს, რომელთა შესახებ ინფორმაციები და GPS რუკები განთავსებულია ვებ-გვერდზე https://visitajara.com/ka. მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი ქობულეთის ტორფნარზე, კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში. გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-მდე ტურისტულად საინტერესო მიმართულებებზე (ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა).