სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

14 ივლისი 2025, 15:18 133 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური სამსახური ამ განცხადებით ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან დაკავშირებით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული  და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არცერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში