პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე 9 პირი დააკავა

08 ივლისი 2025, 10:20 297 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 9 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული ლ.ა., 2006 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული დ.ბ., 2008 წელს დაბადებული დ. მ., 2008 წელს დაბადებული გ. ჯ., 2008 წელს დაბადებული ს.შ., 2010 წელს დაბადებული მ. ხ., 2010 წელს დაბადებული ზ.ო., და 2011 წელს დაბადებული ა.რ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანმა მ.ხ.-მ, ასევე არასრულწლოვანი ა.ხ. მოტყუებით წაიყვანა თბილისში, ერთ-ერთ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობაში, სადაც ა.ხ.-ს სხვა ბრალდებული პირები დახვდნენ.

ადგილზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაკავებულებმა ა.ხ.-ზე ფიზიკურად იძალადეს, ასევე, ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ფიზიკური და ფსიქიკური იძულების და ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო მობილური ტელეფონით გადაიღეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში