298 კილოგრამი „ჰეროინი“, ამოიღეს ბათუმში სამართალდამცავებმა. ნარკოტიკული საშუალება მათ გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის კონტეინერებში აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცავების მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.
გამოძიებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო გამშვები პუნქტ „გუგუთის“ გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე.
პროკურატურამ მას ბრალდება უკვე წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსაც მიმართა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს" - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.