გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დღეს დაბარებულია რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გუშინ პროკურატურაში ალექსანდრე ტაბატაძე და კახა კახიშვილი იმყოფებოდნენ.
ტაბატაძე ჩორჩანას ეპიზოდის დროს, სუსის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ხოლო კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მან საგამოძიებო უწყება გვიან ღამით დატოვა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.