შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები („მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი) აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, 4 შეკვრად დაფასოებული მედიკამენტები ჩაის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.