ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. ოთხი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8,8 პროცენტი და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარება გაგრძელდება.
„2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე, შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მთავარია, ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი, შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს, ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით, მიზნები არის შესრულებადი, დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
„11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ ოთხ პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.