საკრედიტო სააგენტო ფიჩმა (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, - ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია მსგავსი შეფასების მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და საიმედო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო. ამასთან, სტაბილურად არის შეფასებული, როგორც მთავრობის ვალის დონე, ასევე - საბანკო სექტორის საქმიანობა. ფიჩი ასევე, აღნიშნავს დოლარიზაციისა და უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაღალ დონეს.
"ფიჩი განმარტავს, რომ სხვადასხვა დარგში ინვესტიციების გამო გაზრდილია ქვეყნის პოტენციური ეკონომიკური ზრდა და 2025-2026 წლებში ელოდება 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. წინა შეფასების მსგავსად, ამ ანგარიშშიც აღნიშნულია საბიუჯეტო მაჩვენებლების მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.