მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და ასევე, პრემიერ-მინისტრთან.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
"ბატონი პრეზიდენტის პირველი საზღვარგარეთ ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იწყება. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ბატონ ილჰამ ალიევთან. ასევე, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, მეჯლისის სპიკერთან. განხილული იქნება მთელი რიგი ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები, რომელიც დღეს ქვეყნებს შორის დგას, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა განახლებადი ენერგიის საკითხებს და რიგ მეგა პროექტებს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ხორციელდება“, - განაცხადა პატარაძემ.
ყაველაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტი 16 აპრილს დასრულდება.