მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

14 აპრილი 2025, 17:58 182 ნახვა

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღეს მოწმე პოლიციელებს მოუსმინეს, ერთი-ერთია არჩილ ანთაძე რომელიც ინციდენტის თვითმხილველი და ერთ-ერთია ვისაც ამაღლობელი დაკავების შემდეგ სამმართველოს შენობაში შეიყვანა.
დაცვის მხარე აზუსტებდა თუ სად იდგა კონკრეტულად მედია მენეჯერის დაკავების დროს და რა დაინახა მან. მანამდე სასამართლოს ჩვენება გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა მიხეილ დარჩიამ მისცა.
მან როგორც ჩვენებაში თქვა, გამოთხოვილი ვიდეო მტკიცებულებები დაათვალიერა, ასევე “ბათუმელების” რედაქტორთან ეთერ თურაძესთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. მოწმის ინფორმაციით, ეთერ თურაძე საბოლოოდ საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდა.
ადვოკატებს კითხვები ჰქონდათ მზია ამაღლობელის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით თუ რა რეაგირება ჰქონდათ. მოწმის განცხადებით, დაზიანებები იყო მსუბუქი და შესაძლოა ისინი ამაღლობელს აქციაზეც მიეღო.
ასევე ეს არის ის მოწმე გამომძიებელი, რომელმაც იმ პატაკის ავტორი გამოკითხა, რომელშიც წერია, რომ არსებობდა ეჭვი , რომ ინციდენტამდე მზია ამაღლობელმა ტელეფონით მიიღო დავალება პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის შესახებ. დაცვის მხარეს აინტერესებდა, ამ გარემოებასთან დაკავშირებით რატომ არ დაუსვა გამომძიებელმა კითხვები პატაკის ავტორს, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ მან კითხვები მხოლოდ გამოკითხვის ოქმის გარშემო ჰქონდა.
სასამართლოზე მოწმე გამომძიებელმა ასევე თქვა, რომ ამაღლობელის ქმედების მოტივი შურისძიება იყო. ადვოკატები ცდილობდნენ ასევე დაეზუსტებინათ, მედიამენეჯერის ტელეფონიდან რა ტიპის ინფორმაციის ამოღებაზე ჰქონდათ ნებართვა გამომძიებლებს.
დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეები მზია ამაღლობელის საქმეზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს. ადვოკატებს ასევე პრეტენზიები აქვთ მზია ამაღლობელის კუთვნილ ტელეფონზე ჩანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ , რომ გამოძიება გასცდა განჩინების ჩარჩოებს და ამაღლობელის ტელეფონში ისეთ ინფორმაციაზე მიუწვდებათ გამომძიებლებს ხელი, რომელიც საქმესთან შემხებლობაში არ არის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში