მაშინ აქაურობის პატრონი იყო პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, როცა დავურეკე და ვკითხე, გავრილოვი როგორ მოხვდა დარბაზში, მითხრა, აბა, მე რა ვიციო - წულუკიანი

14 აპრილი 2025, 13:44 96 ნახვა

მაშინ აქაურობის პატრონი იყო პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, როცა დავურეკე და ვკითხე, გავრილოვი როგორ მოხვდა დარბაზში, მითხრა, აბა, მე რა ვიციო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას უსმენენ.

წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე არც მასპინძელი იყო და არც ადგილზე იმყოფებოდა, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა.

„ზაქარია ქუცნაშვილი იყო 20 ივნისის ღონისძიების მასპინძელი და მან, თქვენგან განსხვავებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არავის აღარ უნახავს პოლიტიკურ ველზე. ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, არა თვალის დათხრაზე, არამედ გავრილოვის შენობაში მოსვლასა და მის მოწვევაზე. მაშინ აქაურობის პატრონი იყო თამარ ჩუგოშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი. მე მას დავურეკე და ვკითხე, როგორ მოხვდა გავრილოვი დარბაზში-მეთქი, ქალბატონმა ჩუგოშვილმა მითხრა, აბა, მე რა ვიცი, როგორ აღმოჩნდა დარბაზშიო. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არც მასპინძელი იყო, არც ადგილზე იმყოფებოდა, ირაკლი კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი, ვინც არ გადადგა, იყავით თქვენ და დღეს გვიკიჟინებთ, რომ მე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობაო“, – განაცხადა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში