მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროკურატურის მოწმეებს უსმენს. სასამართლოს ჩვენებას ისევ გამომძიებელი პოლიციელები აძლევენ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი მიხეილ დარჩია იყო ერთ-ერთი, რომელმაც გამოთხოვილი ვიდეო მტკიცებულებები დაათვალიერა, ასევე “ბათუმელების” რედაქტორთან ეთერ თურაძესთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. მოწმის ინფორმაციით, ეთერ თურაძე საბოლოოდ არ გამოცხადდა.
ადვოკატებს კითხვები ჰქონდათ მზია ამაღლობელის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებთან დაკავშირებით რა რეაგირება ჰქონდათ. მოწმის განცხადებით, დაზიანებები იყო მსუბუქი და შესაძლოა ისინი ამაღლობელს აქციაზეც მიეღო. ასევე ეს არის ის მოწმე გამომძიებელი, რომელმაც იმ პატაკის ავტორი გამოკითხა, რომელშიც წერია, რომ არსებობდა ეჭვი, რომ ინციდენტამდე მზია ამაღლობელმა ტელეფონით მიიღო დავალება პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის შესახებ.
დაცვის მხარეს აინტერესებდა, ამ გარემოებასთან დაკავშირებით რატომ არ დაუსვა გამომძიებელმა კითხვები პატაკის ავტორს, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ მას კითხვები მხოლოდ გამოკითხვის ოქმის გარშემო ჰქონდა.
სასამართლოზე მოწმე გამომძიებელმა ასევე თქვა, რომ ამაღლობელის ქმედების მოტივი შურისძიება იყო. ადვოკატები ცდილობდნენ ასევე დაეზუსტებინათ, მედიამენეჯერის ტელეფონიდან რა ტიპის ინფორმაციის ამოღებაზე ჰქონდათ ნებართვა გამომძიებლებს.
დაცვის მხარის მტკიცებით, გამოძიება გასცდა განჩინების ჩარჩოებს ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების დროს.