როცა საუბარია მულტიპოლარულობაზე, რა თქმა უნდა ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამავდროულად, როცა საუბარია მულტიპოლარულ სამყაროზე, ეს შესაძლებლობებსაც გულისხმობს ყველა ქვეყნისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტალიაში განაცხადა.
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდებაა „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“.
საქართველოსთვის თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყანაა, არამედ არის სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თურქ მეგობრებს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ვარ.
მულტიპოლარულობაზე როდესაც არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის. ამავდროულად, როცა საუბარია მულტიპოლარულ სამყაროზე, ეს შესაძლებლობებსაც გულისხმობს ყველა ქვეყნისთვის. მათ შორის პატარა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის და ეს ძალიან კომპლექსური, რთული ვითარება გვაძლევს საშუალებას, გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ეს განზომილება გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ პარტნიორებთან.
საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, მათ შორის ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად, ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელ მსოფლიოსთან. ამიტომ, ეს არის ჩვენი ხედვა.
ამასთან, უვიზო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 50 ქვეყანასთან. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური პარტნიორობაც. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და რეგიონში არსებობს კონფლიქტებიც სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ, სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი.
მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარი არის მშვიდობა.
"რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის - გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარსა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ის, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად, დისკუსიის მონაწილეები არიან - მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი, მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დორინ რიჩეანი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როზენ ზელიაზკოვი და ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი.
დისკუსიას მოდერატორობს თურქეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.