ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი - თეა წულუკიანი

10 აპრილი 2025, 11:13 231 ნახვა

მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ქალმა ქალს იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ იმისათვის, რომ თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად, უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი, - განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს კომისიის სხდომაზე.

თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა.

"თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგში, დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის, სხვა მხრივ, როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფალნი, რომ რასაკვირველია, არც კი შერცხვებოდათ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს უსმენენ.

როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში