ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა და ასევე ჩაიწერა ის, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ, პრაქტიკულად, ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ და რაც ყველაზე გასაოცარია, ამას ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ე.წ. ოპოზიციამ, დღევანდელი ე.წ. ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემაზე Factcheck-ის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ „Factcheck-ი არის „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მთავარი გამყალბებელი ორგანიზაცია, ამიტომ, საინტერესო არ არის, რას ამბობენ ისინი“.
„რაც შეეხება 2008 წლის ომს, რეალურად, ყველამ ყველაფერი იცის ამ ომთან დაკავშირებით. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, ძალიან კარგად მახსოვს 7 აგვისტოს ღამეც, 8 აგვისტო – როდესაც გამოცხადდა კონსტიტუციური წყობილების აღდგენა და როდესაც ზარ-ზეიმით გვიცხადებდა მაშინდელი რეჟიმი, როგორ იღებდნენ სოფელს სოფელზე, როგორ იყვნენ შესული ცხინვალში და როგორ მიიწევდნენ წინ როკის გვირაბისკენ. არავითარი თავდაცვის რეჟიმი, მთლიანად საუბარი იყო შეტევაზე, რომელსაც ახორციელებდა რეჟიმი და შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ ჩაიწერა, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო სწორედ სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე ჩაიწერა ის, რომ ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო რეაქცია, მართალია, გადაჭარბებული, მაგრამ საპასუხო რეაქცია. ამას ხელი მოაწერა მთელმა ევროპამ, პრაქტიკულად, ევროსაბჭოს წევრმა ყველა ქვეყანამ და რაც ყველაზე გასაოცარია, ამას ხელი მოაწერა სააკაშვილის რეჟიმმა, ასევე ე.წ. ოპოზიციამ, დღევანდელი ე.წ. ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის სახით. თქვენ ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე. რაც გააკეთეს, იმაზე, საბოლოო ჯამში, ხელი მოაწერეს. ეს არის უდიდესი დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი სააკაშვილის რეჟიმს, ეს არის მაინც ყველაზე დიდი დანაშაული, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დარჩეს შეფასების გარეშე. როგორც კი ასეთ დანაშაულს დატოვებ შეფასების გარეშე, მაშინვე გრჩება რისკი სამომავლოდ და თქვენ ხედავდით, რომ გასული სამი წლის განმავლობაში, სწორედ იმავე ძალების მეშვეობით სურდათ კონკრეტულ ძალებს საქართველოში მეორე ფრონტის გაღვივება. აქაც, რა თქმა უნდა, რომ ჰქონოდათ ამის საშუალება, ისევე გააღვივებდნენ ომს, როგორც ეს გააკეთეს 2008 წელს და ქვეყანას ჩააგდებდნენ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე 2008 წელს ჩააგდეს. მადლობა ღმერთს, საზოგადოებამ მათ არ მისცა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში ახალი ფრონტის გაჩაღების საშუალება“, – განაცხადა პრემიერმა.