ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ რობაქიძის დედის და გოჩა მუკბანიანის ახსნა-განმარტება მოისმინა. სწორედ გოჩა მუკბანიანი არის ერთ-ერთი, რომელიც რობაქიძის მკვლელობის საქმის თვითმხილველია.
მუკბანიანი წინა ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტ „ვიდეო პატრულის“ ჟურნალისტი იყო, რომელიც გახმაურებულ საქმეებს მაშინდელი უწყების ჩართულობით აშუქებდა. სწორედ მან და მისმა ოპერატორმა გადაიღეს შემთხვევის ადგილი და არიან მომხდარი მკვლელობის თვითმხილველებიც.
მუკბანიანმა გაიხსენა 2004 წლის 23 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. მისი ინფორმაციით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, გურამ დონაძის დახმარებით საქმე გააყალბა და სასამართლოსთვის მას და მის ოპერატორს მუქარით ცრუ ჩვენება მიაცემინეს.
მუკბანიანის ინფორმაციით, უდანაშაულო ბიჭების დაკავების დროს, პოლიციელის გიორგი ბაშალეიშვილის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა ბუტა რობაქიძე. მისი განმარტებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას, მათ შორის საგამოძიებო სტრუქტურებს რა ვიდეომასალაც ნანახი აქვთ, არ არის დედანი, ის არის დადგმული და ვიდეოს დედანი გურამ დონაძემ წაიღო.
როგორც ყოფილმა ჟურნალისტმა თქვა, ავტომობილში, რომელშიც ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები ისხდნენ, საბრძოლო მასალა და იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყოფილი ჟურნალისტის გამოკითხვამდე, მოუსმინა რობაქიძის დედას.
ია მეტრეველმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქმის გაყალბების დეტალებზე და იმ პირების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა, ვინც აქადე არ გასამართლებულა. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კენჭისყრით გადაწყდა, რომ გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურა გირჩი-ჯაფარიძის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს.