შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

08 აპრილი 2025, 13:55 197 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის – ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის (ქვედა პალატის) თავმჯდომარე ნურიდინ ისმოილოვს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა კმაყოფილება გამოხატა უზბეკეთის რესპუბლიკის მიერ საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის კარგად ორგანიზებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა გასულ წელს უზბეკეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი და ნურიდინ ისმოილოვი საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ორი პარლამენტის სპიკერებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წევრთა კონტაქტების მნიშვნელობაზე მეგობრობის ჯგუფებისა და კომიტეტების დონეზე. ხაზი გაესვა პარლამენტების აპარატებს შორის გამოცდილების გაზიარებასაც.

მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს თანამშრომლობაზე ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სექტორებში.

შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში