საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და მათი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ გაწეული საქმიანობისთვის თორნიკე რიჟვაძეს მადლობა გადაუხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალ თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს წარმატებები უსურვა.
„დღეს დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარე. მინდა, ბატონ სულხანს მივულოცო ეს ახალი, ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიცია. ბატონი სულხანი არის გამორჩეული პროფესიონალი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გამოცდილება, ძირითადად სამართალდამცავ სტრუქტურებში. სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობა განსაკუთრებულ გამოცდილებას აძლევს ადამიანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯერული საქმიანობის განხორციელებისთვის და ზოგადად, მართვისთვის. ჩვენ ვართ ყველანაირად დარწმუნებული, რომ ბატონი სულხანი იქნება მთავრობის წარმატებული თავმჯდომარე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ახლად დამტკიცებულმა თავმჯდომარე სულხან თაზაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდომარე დავით გაბაიძემ. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები და აჭარის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.