ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს - თეა წულუკიანი

31 მარტი 2025, 12:50 205 ნახვა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო და არის ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა სპეციალური ჯგუფი. ამ ჯგუფს მე ვხელმძღვანელობდი იუსტიციის მინისტრის რანგში და ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე გამოავლენს ახალ ფაქტებს.

„ამიტომ, აქეთ ამ თემაზე ჩვენ არავითარ შენიშვნას არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ. ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ. ჩვენ კეზერაშვილის, მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში, თუ საპატიმროში, თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ, ელენე ხოშტარიამ რაც არ უნდა იკივლოს ქუჩაში. მით უმეტეს, ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია, იმ დროს ჩაცმულ-დახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როცა ათასეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარიდან. ასე შეატოვეს რუსეთს და სეპარატისტებს პირისპირ მოქალაქეები და ჯარისკაცები, რეზერვისტები. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირების საქმიანობის ასპექტებს, უპირველესად კი, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის - პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს.

წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ წინა სხდომებიდან უკვე გამოიკვეთა, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, მოქმედებდნენ არა სამხედროების გეგმის გათვალისწინებით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით, შესაბამისად, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები, რომ სამხედრო გეგმა არ ჰქონდათ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროებს, ჩვენი კომისია იძიებს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობს სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს, პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებს.

 

ირკვევა წინა სხდომებიდან გამომდინარე, რომ თურმე, დადასტურებულადაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს თუმცა სხდომები გრძელდება, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ამფსონებს - დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში. ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს“, - აღნიშნა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სეპარატისტებთან და რუსებთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ანწუხელიძემ, გმირობა ჩაიდინა, თუმცა, ის მარტო არ იმყოფებოდა და დაინტერესდა, ვინც კომისიის სხდომებით განერვიულდა, რატომ არ ახსენეს მათ ასევე გმირულად დაღუპული სხვა ჯარისკაცები, მაგალითად, უშანგი სოფრომაძე და კახაბერ ხუბულური.

„ის გმირი რომ ჩავარდა ტყვედ, შემდეგ, რა თქმა უნდა, მან პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან, გმირობა აჩვენა, არამხოლოდ მან, სხვათა შორის - ვინც გუშინ და გუშინწინ განერვიულდნენ ჩვენი სხდომების გამო, რატომ არ ახსენებენ უშანგი სოფრომაძეს? იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, იქ იყო უშანგი სოფრომაძე, კახაბერ ხუბულური. რატომ არ დაუბრუნდა უშანგი სოფრომაძე თავის მეუღლეს და შვილებს? - ეს არის შეკითხვები, შეიძლებოდა ამისი თავიდან აცილება პოლიტიკოსების მიერ თუ არა?“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კომისიის მიზანია, ყველამ გაიგოს, რომ ჯარი არ არის სათამაშო, სააკაშვილმა კი, ჯარი, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, საკუთარ სათამაშოდ აქცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში