საქართველოს პარლამენტი დღეს "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე მეორე მოსმენით იმსჯელებს. საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე, არ გავრცელდება ონლაინ მედიაზე.
სახეცვლილი ვარიანტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, შეზღუდვა ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება და შეეხება ორგანიზაციებს, რომლებიც არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები.
დღესვე საკანონმდებლო ორგანოში ანტინარკოტიკული რეფორმის შესახებ პირველი მოსმენა გაიმართება. უკვე გაჟღერდა, რომ "ქართული ოცნება" გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით უნდა გატარდეს „სავალდებულო მკურნალობა“.
ცვლილების მიხედვით, მკაცრი მიდგომებია ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის. მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.