საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.
რეგისტრაციისთვის მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაარეგისტრირებს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეიდან 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს, ხოლო მესამე ეტაპი ანუ საყოველთაო რეგისტრაცია განათლების სამინისტროს ინფორმაციით 22 მაისიდან 17 ივნისამდეა დაგეგმილი.