ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა - სახალხო დამცველი

08 მარტი 2025, 10:07 175 ნახვა

ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ომბუდსმენი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე ხაზს უსვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ, სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმებას.

"8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას თემით: „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა გაძლიერება.“ წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოგვიწოდებს უფრო მეტად ვიმოქმედოთ რეალური ცვლილებების მისაღწევად.

 

ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიცირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში