საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინსტრის უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკ კოლეგას, ბახტიორ საიდოვს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზები განიხილეს.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გრძელდება აქტიური თანამშრომლობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით. მაღალი შეფასება მიეცა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მუშაობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს კულტურულ-ჰუმანიტარულ, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის გაძლიერებაზე.
„მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბრის დასასრულს, მხარეებმა უზბეკეთ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.