შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა სოფლიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ასევე, თავდაცვის ძალებთან ერთად, მოსახლეობის ნაწილს მათთვის საჭირო მედიკამენტები და საკვები პროდუქტები გადასცეს.
გურიის რეგიონში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი. თემურ მღებრიშვილმა მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, გარდა გურიის რეგიონისა, მაშველები მობილიზებულები არიან ყველა იმ რეგიონში, სადაც დიდთოვლობაა.
„ჩატარდა საგანგებო თათბირი პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. დაიგეგმა ამოცანები, გაიწერა სამოქმედო გეგმა, აქედან გამომდინარე პრიორიტეტია ის ლოკაციები, რომლებიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. გადასული ვართ საგანგებო და გაძლიერებულ რეჟიმზე და როგორც გურიაში, ასევე იმერეთსა და აჭარაში სრულად არის მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს მუშა პროცესი.“ – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას აგრძელებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.