დიდი პრობლემებია საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად ევროპულ მედიაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაციაზე დაფუძნებული განცდა, რომ ევროპული მედია საკმაოდ კოორდინირებულია გლობალური ომის პარტიასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპულ მედიაში დიდი კოორდინაციაა საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
“საუბარია ევროპული მედიაარხების უმეტესობაზე, არა ყველა არხზე, მაგრამ მედიასაშუალებების უმეტესობა კოორდინაციის ქვეშაა. ყალბი ამბები ძალიან აქტუალურია საქართველოსთან მიმართებაში, საერთაშორისო მედიას აქვს საერთო კოორდინაცია და ცენზურა.
ევროპულ მედიაში დიდი ცენზურაა, დიდი კოორდინაციაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბევრი ყალბი ამბების გასავრცელებლად, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
მაგრამ რეალური ვითარება ისაა, რომ ჩვენ ისევ პრო-ქართველები ვართ და კონცენტრირებულები ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე.
მე შემიძლია ერთი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო, რომელიც აჩვენებს, რამდენად არარეალურია ინფორმაცია და საერთაშორისო მედია.
შევადაროთ ერთმანეთს საქართველო და მოლდოვა. როდესაც საერთაშორისო მედია მოლდოვას შესახებ წერს, ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე პრო-ევროპული, პრო-დასავლური ქვეყანა, რუსეთის ძლიერი მოწინააღმდეგე და ა.შ. მაგრამ ფაქტები შემდეგია:
საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მოლდოვას კი აქვს. მოლდოვა დსთ-ს წევრია და ამას არავინ აკრიტიკებს.
დსთ არის მთავარი სახელმწიფოთაშორისი გაერთიანება რუსეთის ქოლგის ქვეშ.
საქართველო არ არის დსთ-ს ნაწილი.
ბევრი კრიტიკის მოსმენა მოგვიწია, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან, როდესაც ისინი იღებდნენ ამ ხუთ განსხვავებულ რეზოლუციას იმის შესახებ, რომ საქართველო არ აწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
მაგალითად, ევროპარლამენტის მეხუთე რეზოლუცია საქართველოს შესახებ პირდაპირ გვეუბნება, რომ სანქციები შემოვიღოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც არ აწესებს.
მაგრამ ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროსაბჭოს და ა.შ წარმომადგენლის ვერც ერთ განცხადებას ვერ ნახავთ მოლდოვას შესახებ, საერთაშორისო მედიაში კრიტიკას ვერ ნახავთ.
ჩვენ, ორივე, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველოს მიმართ საკმაოდ ბევრი კრიტიკაა. ნული - მოლდოვას შესახებ. ასე რომ, ეს ორმაგი სტანდარტებია.
როდესაც ვსაუბრობთ საქართველოსა და მოლდოვის ხალხებზე, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა 80%-ზე მეტია და ეს ასევე ხელისუფლების დამსახურებაა. ასე რომ, 2012 წლიდან, როცა მმართველი პარტია გავხდით, თანმიმდევრულად ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირში.
სწორედ ჩვენმა პარტიამ, მმართველმა პარტიამ, ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სადაც ნათქვამია, რომ ევროინტეგრაცია ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ამოცანა უნდა იყოს,”- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური მიზანია.