დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი - მამუკა მდინარაძე

05 თებერვალი 2025, 17:19 143 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული „ფარას“ დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი.

„როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არეულობის და რევოლუციის მხარდაჭერას. შარშან პარლამენტმა მიიღო  „ფარას“ მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, "ფარასთან“ დაკავშირებით თუ ვინმეს აინტერესებს რა იქნება ინიციირებული, შეუძლიათ წაიკითხონ ამერიკული კანონი, რომელიც მოქმედებს დღეს ამერიკაში. 

„წინა შემთხვევაში თარგმანზეც იყო ხოლმე პრობლემა, თუ ვინმეს უნდა თავად თარგმნოს კარგად, მოიტანოს და მის ნათარგმნს დავაინიციირებთ. ამერიკაში მოქმედი კანონის პირდაპირი ასლი, ანუ ამერიკული კანონი იქნება ინიციირებული. ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ ამ კანონის წაკითხვა. რაც შეეხება მედიის ნაწილში, აქაც ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას, ჩვენ ძალიან ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ BBC -ის სტანდარტად წოდებული ნორმები, ეს არის მოქმედი ნორმები ბრიტანეთში დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაშიც ბრიტანულ ნორმებთან შესატყვის და შესაბამის კანონმდებლობას შემოვიტანთ ქართული მედია ბაზრისთვის იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების სიცრუისგან დაცვა, უცხოური ჩაურევლობის გარანტიები ავიღოთ მაქსიმალური და ეს იქნება ანალოგიური, როგორც ბრიტანული კანონმდებლობა.

თუ თქვენი სურვილი იქნება ყველა თქვენგანს, ჩაგრთავთ ამ მუშაობაში და ასევე აბსოლუტურად შეგნებულად, ჩვენ არსად გვეჩქარება. არც ერთი მათგანი, რაზეც მე ახლა ვილაპარაკე არ დაგვიინიციირებია. ეს იქნება მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენ დაახლოებით მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში შევძლებთ ამ კანონების სამი მოსმენით მიღებას. იქნება დეტალური მსჯელობები, სამუშაო დროც ბევრი გვექნება და ყველა მათგანს ავამოქმედებთ დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხვალიდან მუშაობას იწყებს და მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, პარალელურად, მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც „გრანტების შესახებ“ კანონში შევა ცვლილებები.

„საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ მიიღონ საგრანტო დაფინანსება საქართველოს მთავრობისგან. პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის და ქაოსის მცდელობები ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რათა მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რომ ქვეყანა აღარასდროს დაექვემდებაროს შანტაჟს, მისი ინსტიტუტები იყოს ძლიერი და ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მისი დამოუკიდებლობის ხელყოფა და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებების უპატივცემულობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში