დღეს პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. დღის წესრიგში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წევრებისთვის - ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას.
მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" შესაბამის წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად "ძლიერმა საქართველომ" 14 მანდატი მიიღო, "კოალიციამ ცვლილებებისთვის" 19 , ხოლო "ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ" 16 მანდატი მოიპოვა. პარლამენტში 12 მანდატი აქვს პარტიას "გახარია საქართველოსთვის".
პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.