საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა

31 იანვარი 2025, 22:37 134 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასების მნიშვნელობას, მათ შორის იმ პროვოკაციულ და ძალადობრივ ქმედებებს, რასაც ადგილი აქვს გარკვეული ძალების მხრიდან როგორც საპროტესტო აქციებზე, ასევე, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების ფარგლებში.

საუბარი შეეხო საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა ხასიათის სამართალდარღვევის გამო დაკავებულ პირებს. აღინიშნა, რომ მსგავს ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოები ახდენენ შესაბამის რეაგირებას და აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, დაცულია დაკავებულთა უფლებები და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობს იმ პირების მიმართ, ვინც მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართული მხარის თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. როგორც მინისტრის მხრიდან აღინიშნა, საქართველო აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მყისიერად უზიარებს სრულფასოვან ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე. ამ კონტექსტში ელჩს მიეწოდა ინფორმაცია ეუთო-ს წევრი 38 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ კითხვარზე საქართველოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ და იმედი გამოითქვა, რომ გაზიარებული ინფორმაცია დაეხმარება ეუთო-ს ინსტიტუტებსა და მონაწილე სახელმწიფოებს სიტუაციის საფუძვლიან და ობიექტურ შეფასებაში.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში გატარებული ღონისძიებები, ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული კავშირების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ხელს არ უწყობს მიმდინარე ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში