სიეტლში აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების უფლებას ზღუდავს. მოსამართლე ჯონ კოფენურმა დოკუმენტს „უხეშად არაკონსტიტუციური განკარგულება“ უწოდა.
დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველ საათებში, ნათქვამია, რომ დაბადებით მოქალაქეობის უფლება არ ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომელთა მშობლები არალეგალურად იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, ასევე იმ სიტუაციებზე, როდესაც დედა შეერთებულ შტატებში იმყოფება დროებით, მაგალითად, სტუდენტური, სამუშაო ან ტურისტული ვიზით, მამა კი არ არის აშშ-ის მოქალაქე ან არ მოეპოვება მუდმივი ბინადრობის უფლება.
განკარგულება 19 თებერვალს უნდა ამოქმედდეს.ამ განკარგულების დაბლოკვის მიზნით სარჩელი შეიტანეს გენერალურმა პროკურორებმა 22 შტატიდან, ასევე ქალაქ სან-ფრანცისკოდან და კოლუმბიის ოლქიდან.