ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბაჩიაშვილი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცა. ბაჩიაშვილის თქმით, სპექტაკლი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დგამს, პოლიტიკურად მოტივირებულია.
მან მოსამართლეს მოუწოდა, სასამართლოში ივანიშვილის მოწმედ დაკითხვა უზრუნველეყო, ვინაიდან ბაჩიაშვილის თქმითვე, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროცესზე არ გამოცხადდეს. ამასთან, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის პირადადაა მომსწრე, მოსამართლეები და პროკურორები როგორ დადიოდნენ ივანიშვილთან, რაც იმის საფუძველს აძლევს, სასამართლოს მიმართ უნდობლობა ჰქონდეს.
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა. მისი თქმით, აღნიშნული ბიტკოინი 2017 წლის მდგომარეობით 43 მილიონ დოლარამდე შეადგენდა. სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია.