თემქის პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, მათგან ერთი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ხუთი კი ნიღბის მოხსნის შესახებ სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
„2024 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვა.
თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას. ერთ-ერთი მათგანი დაკავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხოლო 5 პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას ნიღბის მოხსნის შესახებ“, – აცხადებენ უწყებაში.
თბილისში, თემქის პოლიციის განყოფილებასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური სამართალდამცველების მიერ, აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავებამ გამოიწვია.