აზერბაიჯანი ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია - ირაკლი კობახიძე

17 იანვარი 2025, 12:45 74 ნახვა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.  

„რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას გავამახვილებთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. ეს ეკონომიკური პროექტები საგრძნობლად ზრდიან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“,  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

„უდავოა, აღნიშნული მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირება სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს საერთო ინტერესებს. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის, კულტურის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, საბაჟო სფეროებში. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებებით. დღეს გვექნება საშუალება, სექტორების მიხედვით განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები და ინიციატივები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში მიღწეული შედეგები, დამატებით იმპულსს შესძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში