თავდასხმები გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე  

16 იანვარი 2025, 10:01 115 ნახვა

ბათუმში,  სასტუმრო შერატონში მომხდარ ინციდენტთან   დაკავშირებით   საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, დაკავებული კი    ჯერ არავინაა - განაცხადეს შსს-ში, უწყებამ     გამოძიება ძალადობის მუხლით  დაიწყო. საუბარია გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე.  

დაპირისპირება  15 იანვარს , გვიან ღამით  მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურად ჯერ ზვიად ქორიძეს, შემდეგ კი გიორგი გახარიას დაუპირისპირდნენ.  პარტიაში გახარია საქართველოსთვის  გუშინვე აცხადებდნენ რომ ინციდენტში ათამდე პირი მონაწილეობდა, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე. პარტიის ლიდერებმა გუშინვე განცხადებით მიმართეს აჭარის პროკურატურას, მთავარ სამმართველოში კი გამოკითხვაზე იმყოფებოდა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე.

ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით,  კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, „შერატონ ბათუმი“, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, რომელშიც მასზე თავდასხმა არის აღბეჭდილი. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ  ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება რეაგირება, გამოიყენებს ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს.

გუშინ სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ თავდასხმის ამსახველი სრული ჩანაწერი არსებობს  და მას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მხარეებს მიაწვდიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში