როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს "ნაცმოძრაობის" მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს ობიექტური სახელი დაერქმევა - მამუკა მდინარაძე

10 იანვარი 2025, 16:38 60 ნახვა

"როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს "ნაცმოძრაობის" მთლიანი შემადგენლობა და შესაბამისად, ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქმევა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე  განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას.

"ეს არ არის პირადი შურისძიებით ნაკარნახევი, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა, იმიტომ, რომ რაღა დროსიაო, რომ გვეუბნებიან, დღესაც კი გამოწვევაა. ავიღოთ ნებისმიერი ლიდერი, მაგალითად გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ სისხლიანი რეჟიმისა, დღეს წარმოადგენს "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ფრთას და მეორე ადგილზეა რეიტინგით. ეს ადამიანი იბრალებს, რომ არის დემოკრატი, პროევროპული, ადამიანის უფლებებს იცავს და ა.შ. გვარამიაზე არ არის მხოლოდ საუბარი, მისნაირი უამრავი პოლიტიკურ ლიდერშიფს წარმოადგენენ ოპოზიციურ ველზე "ნაცმოძრაობის" კლასტერში გაფანტული ადამიანები. შესაბამისად, თავისი სახელი სანამ არ დაერქმევა, ესენი მანამდე იპოზიციონირებენ, როგორც პროევროპულები და დემოკრატები. ქართული თანამედროვეობის პარადოქსია, როცა "ნაცი" რაღაც სახელს გადაირქმევს და ხდება დემოკრატი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი და სხვა რაღაცეებში ამუნათებს.

"ფეიქ" რეალობაში აცხოვრებენ განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას, რომლებსაც არ უნახავთ. ეს ყველაფერი გასახსენებელია. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს "ნაცმოძრაობის" მთლიანი შემადგენლობა და შესაბამისად, ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქმევა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივაც, რომელიც ორგანიზაციის მიერ ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გულისხმობს. მდინარაძის შეფასებით, ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ ჯაშუშები საქართველოში სხვა ქვეყნებში მოქმედი სხვადასხვა ძალების დავალებების შესაბამისად, ამიტომ, თუ ვინმე ამაზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, მმართველ გუნდს, ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება.

„ფაქტია, ვიდრე კომისია შეიქმნება, უკვე უზრუნველვყავით საზოგადოების ჩართულობის რაღაც ხარისხი, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან, კონკრეტული ორგანიზაციის მხრიდან, წამოვიდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ არა მხოლოდ იმ მანდატის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც იმუშავებს საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში – გასაგებია, მაშინ იყო რეჟიმი შესაბამისი ძალაუფლებით და უფლებამოსილებით, რომელსაც ბოროტად და სასტიკი დანაშაულების ჩადენისთვის, საკუთარი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებისთვის იყენებდნენ – ამის გარდა, საზოგადოებისგან ინიციატივა წამოვიდა იმის შესახებაც, რომ ამ ქსელმა, ზოგი დაიმატა, ზოგი მიიერთა და გააგრძელა დანაშაულებრივი, ჯაშუშური საქმიანობა. პოლიტიკურ დონეზე არაერთხელ შეგვიფასებია და არამხოლოდ ჩვენი აზრია – საზოგადოების უდიდესი ნაწილი მოგვყვება ამ შეფასებაში და ხელის გულზე ჩანს, როგორ მოქმედებენ სხვა ქვეყნების თუ ამ ქვეყნების წარმომადგენლების, სხვა ქვეყნებში არსებული სხვადასხვა ძალების, „დიფ სთეითის“ თუ ა.შ. დავალებებით საქართველოში ჯაშუშები.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ სხვადასხვა ძალის მიერ წარმოებული ჯაშუშური საქმიანობა არ ჯდება საგამოძიებო კომისიის მიერ 2003-12 წლების დანაშაულების შესწავლის ფორმატში და ამას სამართლებრივი შეფასება სჭირდება, რომლის შეფასების სტანდარტი კიდევ უფრო მაღალია.

„ვინმე თუკი ამის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამის რეაგირებას ვინმე ითხოვს, საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ეს არ არის მაგალითად, 2003-2012 წლების მანდატში, ამას უკვე სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ სამართლებრივი შეფასების სტანდარტი კიდევ უფრო მაღალია, მტკიცებულებების დონეზე უწევს სახელმწიფოს კონკრეტული დანაშაულის დამტკიცება. სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობას, კიდევ დამატებითი ძალისხმევა სჭირდება, უდანაშაულობის პრეზუმფციის ელემენტებიც შემოდის და ა.შ. მაგრამ, თუ ასეთი შესაბამისი რეაგირება და მტკიცებულებები იქნება, რაც მეორე მხარეს ხელის გულზე გვიდევს და ყველამ ვიცით, საწინააღმდეგო არაფერი შეიძლება გვქონდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში