პურის ქარხნები ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადის შემცირებას ითხოვენ. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ფქვილის ღირებულება გაიზარდა, რომლის პირობებშიც პურის ფასის ღირებულების შენარჩუნება ბიზნესს უჭირს. როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი არ მოიხსნება, შესაძლოა, პურის ფასი 10-15 თეთრით გაიზარდოს.
მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ტომარა ფქვილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა, რასაც ემატება სხვა ხარჯებიც, რომლებსაც მისი თქმით, ვეღარ უმკლავდებიან. მისივე განმარტებით, საკითხზე მსჯელობა მხარეებს შორის უნდა დაიგეგმოს და შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი გუნდიც უნდა ესწრებოდეს.
შეხვედრისა და საკითხის მხარეებთან განხილვის წინააღმდეგი არ არის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა, თუმცა ამბობს, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემცირება იმ მოცემულობის წინაშე დააყენებს ფერმერებსა და წისქვილკომბინატებს, რომლის წინაშეც ისინი საიმპორტო გადასახადის შემოღებამდე იყვნენ.
ცნობისთვის, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მთავრობამ ბოლოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება 2024 წლის 27 აგვისტოს გამოიცა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც.