პატრიარქმა ხაზი გაუსვა ერთი მხრივ მთავარ პრინციპს რაც ნიშნავს სიყვარულს ადამიანებს შორის, რომელიც ღმერთიდან აქვს ადამიანს დანათლებული და მეორე, რომ ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ მოყვასზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„იმედი მაქვს პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას ყველა გაიაზრებს. გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, კეთილდღეობის ზრდა და ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც იმყოფება სამყარო, საქართველო მშვიდად გავატაროთ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა შიგნიდან თუ გარედან, საქართველოს ინტერესები იმდენად სწორად დააპოზიციონირა ამ გარემოში, ერთი წამითაც საფრთხე არ შეექმნა ჩვენს მშვიდობიან, უსაფრთხო და ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ტყუილია, თითქოს ქართულ არჩევნებში რუსეთი ჩაერია. პაპუაშვილის შეფასებით, მართლა საბავშვო ბაღია, რომ ქართველ ხალხს გველაპარაკებოდნენ ამხელა ტრიბუნიდან და ცრუ ნარატივებს ავრცელებენ.
„წეღან ვნახეთ პოლონეთის ერთ-ერთი სენატორის განცხადება, რუსული მანიპულაციააო - ყველამ, იქნება ეს უცხოელი ჩვეულებრივი მოქალაქე, დეპუტატი, პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, ვინც კი სიტყვა რუსეთს ახსენებს საქართველოს პოლიტიკასთან და ჩარევასთან დაკავშირებით, ყველას გავცემთ პასუხს, იმიტომ, რომ ეს უნდა დასრულდეს. გუშინწინ თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის ინტერვიუ ჟურნალისტ ფრიდმანთან და მოისმინეთ მან რა ისაუბრა ბუდაპეშტის მემორანდუმზე, როდესაც უკრაინამ დათმო ატომური იარაღი. შეგახსენებთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინა ხდებოდა მესამე ქვეყანა ატომური იარაღის რაოდენობის მიხედვით.
ეს ატომური იარაღი დაათმობინეს და მისცეს უსაფრთხოების გარანტიები. ზელენსკიმ თქვა, რომ სანამ დაიწყებოდა რუსეთის აგრესია, მას ჰქონდა საუბარი ყველა გარანტორთან, მათ შორის საფრანგეთთან, რომ დადგა მომენტი, ჩვენ თავის დროზე დავთმეთ ატომური იარაღი, თქვენ მოგვეცით პირობა, რომ იქნებით ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და გაიხსენეთ რა თქვა ზელენსკიმ, რა გვითხრესო ამაზე და რა იყო განწყობა, როგორ მიუდგნენ უკრაინას. ამიტომ თუკი ვინმეს რუსეთზე უნდა საუბარი, აწუხებს რუსეთის პოლიტიკა, აგერ არის უკრაინა, დახმარებოდნენ თავის დროზე როგორც საჭირო იყო და დაეხმარონ ახლა. ახლა ნელ-ნელა რომ აპარებს უკრაინას მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლება, რომ მოგიწევთ ტერიტორიის დათმობაო და შეეგუეთ ამასო, როდესაც ათიათასობით უკრაინელი დაიღუპა... ნახეთ თქვენ გუშინწინ ზელენსკის სასოწარკვეთილი ინტერვიუ ფრიდმანთან. ეს არის ზუსტად იმედგაცრუება, რასაც უყურებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, ისაუბრეს თუ არა ბიძინა ივანიშვილმა და პია კაუმამ არჩევნებთან დაკავშირებით და როდესაც საფრანგეთის ელჩის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ხელისუფლება, რას აპირებენ ამ შემთხვევაში.
„არ ვიცი ზუსტად რაზე იყო საუბარი, მაგრამ თქვენ ხომ ხართ საქართველოს მოქალაქე და ჟურნალისტი, 26 ოქტომბერს რუსეთის ჩარევა არჩევნებში დაინახეთ?! ხომ ვერ დაინახეთ, ძალიან კარგი, რომ ვერც კი-ს ამბობთ და ვერც არა-ს. თქვენ, როგორც საქართველოს მოქალაქე, თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობთ, რომ საფრანგეთის ელჩის მიწოდებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ავრცელებს ცრუ ნარატივს, თითქოს ჩვენ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი კი არ გავედით არჩევნებზე და ჩვენი ნება კი არ გამოვხატეთ, ჩამოფრინდა ვიღაც მოსკოვიდან და მან ჩაატარა არჩევნები?! ამას გადაგვაყოლეს უკვე 12 წელია. ამ სიყალბეს გადაგვაყოლა სააკაშვილის მთელმა სამეგობრომ. 12 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და „რუსეთის“ მეტი სიტყვა არ დასცდენია „ოცნების“ ოპოზიციას და მის უცხოელ მხარდამჭერებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.