ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურებაა, რომ საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ - შალვა პაპუაშვილი

21 დეკემბერი 2024, 11:47 84 ნახვა

რადიკალური ოპოზიციის, თითქმის, ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი, უკვე ორი თვეა, არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების ხუთი მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ.

„სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა, შეგახენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე, მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომდა შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას.

 

ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში, გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკო-ს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთ დადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და ამ მითიური 300 000 ხმის მიწერა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ არსებობს.

 

სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც.

 

განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ. ეუთო/ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

 

ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან, ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა.

 

ასე, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების ხუთი მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ.

 

საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე ჯამში 24 000 კომისიის წევრი ჰყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედნტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის – 25 000 – ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო, შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობა, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიშში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო/ოდირმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა.

 

სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, ახლაც რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში