ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე თავი საქართველოს ეთმობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ, ევროპული საბჭოს ბოლოდროინდელი დასკვნების გათვალისწინებით, საბჭო ხელახლა ადასტურებს კავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.
ანგარიშის თანახმად, „იმავდროულად, იგი იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იმ კურსის მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან, აგრეთვე სხვა კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება და წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის მისაღებად კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ნაბიჯების გაუარესებას“.
საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება და თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან.
ძალადობის ყველა აქტი უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები – დასჯილი. საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას და მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, რაც შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის ძირითად პრინციპებს.
საბჭო ხაზს უსვამს იმ ცხრა ნაბიჯის განხორციელების მნიშვნელობას, რომლებიც მოცემული იყო კომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ კომუნიკაციაში. საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ძირითადი უფლებების სფეროებში უკუსვლის გამო.
საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და პლურალიზმის, აგრეთვე LGBTI პირთა უფლებების“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.