შალვა პაპუაშვილი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

14 დეკემბერი 2024, 15:13 198 ნახვა

საქართველოში, დღეს, ისტორიული დღეა, სრულად ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. დღეს, საარჩევნო კოლეგიამ პარლამენტის სასახლეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი აირჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უმთავრესი მისია და გამოწვევა, რაც ახალ პრეზიდენტს აკისრია, არის პრეზიდენტის ინსტიტუტის საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედების პრეცედენტის შექმნა.

„ქართული პოლიტიკა სავსეა ავანტიურისტი პოლიტიკოსებით, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან, გავიდნენ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნების რეალიზებისათვის, რომლის უკანაც ვისი უხილავი ხელი იმალება, საზოგადოებისათვის სამარჩიელოდ რჩება.

 

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ამგვარი ფორმები არღვევს ქვეყანაში სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს. სწორედ ამიტომ იქნება ახლად არჩეული პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილების პირუთვნელად, ღირსეულად და პასუხისმგებლობის სრული გააზრებით აღსრულება.

 

მთავარი, რაც მინდა, მიხეილ ყაველაშვილს მისი პრეზიდენტობისას ვუსურვო, არის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს ერთგულება. ეს არის ერთადერთი შეუმცდარი გზა ნებისმიერი ხელისუფალისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში