ჩვენი ოპონენტები რაღაც მესიჯბოქსის გამო არ გამოცხადდნენ, ამიტომ მიხეილ ყაველაშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტად იქნება არჩეული - მამუკა მდინარაძე

14 დეკემბერი 2024, 12:01 274 ნახვა

ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები რაღაც მესიჯბოქსის გამო არ გამოცხადდნენ, ამიტომ მიხეილ ყაველაშვილი დღეს იქნება არჩეული საქართველოს პრეზიდენტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია.

„ისტორიაა და ახალი წესით მიმდინარეობს არჩევნები საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილების შემდეგ, რომ კოლეგიის მიერ ყოფილიყო არჩეული საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის პირველი შემთხვევა. უფლებამოსილებას შეიძენს საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით, კონსტიტუციის მიხედვით არჩეული წესით. კოლეგიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობის, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. ამის შემდეგ, თუ მეორე ტური დაგვჭირდა, ორასზე ნაკლები ხმა დააგროვა, ამ შემთხვევაში, მეორე ტურიც იმავე დღეს იმართება. სხვა შემთხვევაში არჩეული იქნება პრეზიდენტი პირველივე ტურში. ეს არის პროცედურა და სამართლებრივი მხარე.

 

ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები თავისი რაღაც მესიჯბოქსის გამო არ გამოცხადდნენ, ამიტომ, ბუნებრივია, მიხეილ ყაველაშვილი დღეს იქნება არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. პირველი რიგის მთავარი კრიტერიუმი რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო, ეს არის საკუთარი სამშობლოს უღალატობა და არა რომელიმე გუნდის, სამშობლოს მიმართ პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია უწინარესად ალბათ ამ თვისებაზე უნდა ვისაუბროთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსი და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, რადგან ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება შესაბამისი ლეგიტიმაციით ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა მდინარაძემ.

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს. ხმის მიცემის პროცედურა 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში