საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით დროებითი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2027 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდება. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით მიმართვის დროებითი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდებათ.